ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და ამას დათანხმდა

414

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა. ლომჯარიას განცხადებით, სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა.

ნინო ლომჯარია ასევე ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა იქ ვერ ნახა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს აცნობენ, რომ ის გლდანის ციხეში გადაჰყავდათ.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულს საკუთარი ნებით დათანხმდა. ჩვენ #12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ #18 დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს დაზიანებებთან დაკავშირებით გაესინჯა. ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები. ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები, რაც შემეძლო დამენახა. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა, სჯობს ექიმმა დაათვალიეროს. მისი განცხადებით, იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა ექიმებს, ეს დაადასტურეს ექიმებმაც,“- განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარიამ გლდანის #18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანებების კვალი არ აქვს, თუმცა, ის ექიმებს არ გაუსინჯავთ.

ომბუდსმენის თქმით, სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა.

“ვადასტურებ, პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის. გარეთ ნამდვილად ისმის. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ასევე, ესმოდა პალატაშიც, თუმცა, როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე”, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ომბუდსმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.

„კატეს აპარატი ჯერჯერობით დგას დერეფანში და აცხადებენ, რომ ეს დამონტაჟდება. ის მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების მიღებაზე, ის კონტაქტურია“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.