ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა, რომელიც სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილზე მივიდნენ, რათა ინციდენტი არ მომხდარიყო მოქალაქეებს შორის.
მისი სიტყვებით, შემთხვევით შეიტყო, რომ მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეთა ავტოკოლონისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავდნენ და საჭიროდ ჩათვალა მათ გაჰყოლოდა:
„ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩვენ ვერ დავუშლიდით წასვლას… მშვიდობიანი აქცია ჰქონდათ მოქალაქეებს და ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, ამიტომ წამოვყვევით ჩვენ [საკრებულოს წევრები]. ჩვენ ყველა ზუგდიდელები ვართ და ეს რომ დასრულდება, ერთად უნდა ვიცხოვროთ ისევ და არ მინდოდა ინციდენტი მომხდარიყო”, – განაცხადა ედიტა კოდუამ.
მისი ინფორმაციით, აქციას პოლიცია აკონტროლებდა და ინციდენტი არ მომხდარა. როგორც საკრებულოს წევრი ირწმუნება, აქცია მალევე დასრულდა და უკვე სამტრედიიდან ზუგდიდში ბრუნდებიან.
პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ, რომელიც სამეგრელოდან თბილისში მიმავალ კოლონის ერთ-ერთ ავტომანქანაში იმყოფება, გაავცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიასთან მათ საპროტესტო აქცია მოუწყვეს „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.