საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამავე ბრიფინგს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.
“მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი რომელმაც შექმნა ვარაუდი რომ ექსპრეზიდენტი, შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმის დასტურად რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია, უახლოეს საათებში დამატებითი ვიდეოები გავრცელდება. ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე კი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად ხვალ, 2 ოქტომბერს, 08:05 წუთზე გამოაჩენენ.