„სააკაშვილი საქართველოში არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ის ექსპრეზიდენტს კლოუნს უწოდებს და ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი არასერიოზულობა.
„ნეტავ ყოფილიყო საქართველოში. ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რაც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არაა ჩაწერილი. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად მობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი საქართველოში არ არის. შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა ცოტა ხნით გადაიწევს, თუმცა, კანონი, საბოლოოდ, მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა. საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, მაგრამ, ამასთან ერთად – 2 ოქტომბერს სრული მობილიზაციისკენ. იმისთვის, რომ ეს კლოუნადა დასრულდეს, 25%-იც არ უნდა აიღონ. რაც შეეხება ვიდეოს; თავიდან გვეგონა DeepFake-ის ტექნოლოგია, თუმცა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ბევრად უფრო მარტივი ტექნოლოგია. ძალიან მარტივი „ფეიკია“, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან არავის უკვირს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.