მოწერელია: “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო

836

დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, მერების მოადგილეების თანადებობიდან გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა რომ “ქართული ოცნება” მათ პოლიტიკური ნიშნით დევნის.

“დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია “ქართული ოცნებისა” და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით. “ქართული ოცნება” ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას” ამ გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა, ეს მათ სიკეთეს ვერ მოუტანს. ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი განუცხადა. ამდენად, მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას”, ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში.

ეს საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები, თანამოაზრეობის გულისთვის ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია. თუ ამ ადამიანებს ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა, შეუძლიათ წარმოადგინონ. მათთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა.

როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აგონიაშია. ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების, შესაბამისად, მათ დაიწყეს პოლიტიკური ნიშნით დევნა”,- განაცხადა მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიამ “ქართული ოცნება” 14 აპრილს დატოვა. დეპუტატობამდე ის სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც. ასევე, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.

დღეს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა გვასალიამ განაცხადა, რომ იგი სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს. სენაკის მერის ყოფილმა მოადგილემ კი თქვა, რომ გადადგომა აიძულეს.

გორის მერიის ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურების ხელმძღვანელებმა კი თანამდებობები დატოვეს.

ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია.