ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს

728

წინა სტატია

სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“გუშინ მოხდა ჩემი გათავისუფლება ისე, რომ მიზეზები არავის განუმარტავს. ხელში მაქვს მხოლოდ აბსურდული განკარგულება”, – განაცხადა გრიგოლ დაგარგულიამ.

ის ვარაუდობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ალექსანდრე მოწერელიას სახელმწიფო რწმუნებულობის დროს მის დაწინაურებას.

“არავის პოლიტიკურ გუნდში არ ვყოფილვარ. არცერთ პოლიტიკურ აქტივობაში არ ვყოფილვარ. მე 2015 წლიდან ვმუშაობდი ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე, თუმცა ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორად ყოფნის დროს დავწინაურდი. შეიძლება ეს იყოს ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზეზი, არ ვიცი”, – გვითხრა გრიგოლ დაგარგულიამ.

ის ამბობს, რომ რწმუნებულის განკარგულებას მისი გათავისუფლების შესახებ გაასაჩივრებს.

გუშინ გაათავისუფლეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალიაც, რომელმაც განაცხადა, რომ სამსახურიდან ყოფილ პრემიერმინისტრთან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო გაუშვეს.

ამასთან, გუშინ თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც. ასევე, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.

ხოლო დღეს სენაკის მერის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ გადადგომა აიძულეს. გორის მერიის ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურების ხელმძღვანელებმა კი თანამდებობები დატოვეს.