გორის მერიის ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურების ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს

423

წინა სტატია

შემდეგი სტატია

გორის მერიის ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურების ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. აღნიშნული პოზიციები ამ ეტაპისთვის ვაკანტურია.

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მალხაზ ლალებაშვილი და გია პაპიტაშვილი თანამდებობებიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგნენ.

“ჯერჯერობით დაწერა განცხადება ინფრასტრუქტურის სამსახური უფროსმა, მალხაზ ლალებაშვილმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე პირადი სურვილით წავიდა ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გია პაპიტაშვილი. მათ კანონი იცავს და მე ვერ გავუშვებდი, თუ თავისი ნება არ იქნებოდა. მე მარტო მოადგილეების გათავისუფლება შემეძლო”, – განაცხადა თავზარაშვილმა

გორის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, მალხაზ ლალებაშვილის თქმით, სამსახურიდან წასვლა კერძო სექტორში გადასვლის გამო გადაწყვიტა და ეს ნაბიჯი მისთვის არავის დაუძალებია.

“გახარიას გუნდში კი არა კერძო სექტორში გადავდივარ. არავის არაფერი დაუძალებია დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება”, – აღნიშნა მალხაზ ლალებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც. ასევე, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.

დღეს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა გვასალიამ განაცხადა, რომ იგი სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს. სენაკის მერის ყოფილმა მოადგილემ კი თქვა, რომ გადადგომა აიძულეს.