ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან

532

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ფოთში, მერიის შენობის წინ ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, პოსტების დატოვება მოსთხოვეს.

ლაგვილავა და ხუნწელია აცხადებენ, რომ გახარიას გუნდში გადადიან და საქმიანობას იქ გააგრძელებენ.

,,დილით ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან მქონდა შეხვედრა, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით მოთხოვნა იყო თანამდებობიდან გადავმდგარიყავით. კერძოდ, როგორც ვიცი, დავით გუშიანისგან იყო დავალება. ეს მერის ინიციატივა ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს უკვე მეორე საკითხია. მას ნამდვილად არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ, თანამდებობის დატოვების მოთხოვნის. ჩვენც ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში, ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას ბატონი გიორგის გუნდში “, – განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ.

აკაკი ხუნწელიას განცხადებით, მარტვილის მერმა პარტიისგან და მთავრობისგან მიიღო დავალება, რომ მას დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რადგან გახარიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

“მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით. ის იყო დავალებული პარტიისგან და მთავრობისგან, რომ პირადად მე ჩემი თანამდებობა დამეტოვებინა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოსტი, რადგანაც მე მოვიაზრებოდი გიორგი გახარიას გუნდის წევრად”,- განაცხადა მარტვილის მერის ყოფილმა მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.

შეგახსენებთ, რომ თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც.