ლაშა გვასალია: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო გამათავისუფლეს

488

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს.

მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუბერნატორმა მალხაზ თორიამ გააცნო, თუმცა ლაშა გვასალია ამბობს, რომ ის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

“ათი წუთის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გახლდით. დღეს დამიბარა გუბერნატორმა, სხვათაშორის, პირველად ვნახე ასეთი გაოგნებული, ასეთი გამშრალი და ფერდაკარგული მალხაზ თორია. აშკარად ეტყობოდა, რომ ვიღაცებისგან ძალიან დიდი ზეწოლა ჰქონდა. მიზეზი ხომ უნდა ეთქვა, მაგრამ არანაირი დარღვევა არ მქონია. ყოველთვის მოწინავე და გამორჩეული ვიყავი, როგორც მოხელე და ხელმძღვანელი. ყოველთვის გამარჯვებული, წარმატებული საარჩევნო შტაბის უფროსი ვიყავი. სხვათაშორის, 2012 წელს სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილმა გამომიშვა, “ქართული ოცნების” გასაძლიერებლად და გარკვეული საქმეების გასაკეთებლად. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ცუდად არასოდეს შევეხები, ვიქნები მადლიერი და ვისაც ყოველთვის გადავუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილია. დანარჩენს მივხედავ აუცილებლად. იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუგებრად მომექცნენ, გაოგნებული ვარ ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მითხრეს, რომ იმიტომ მიშვებენ სამსახურიდან, რომ ვარ გახარიას მეგობარი და მაქვს მასთან ურთიერთობა. თუ მეგობრობაზეა საუბარი გასაგებია, სხვა რა ურთიერთობა მქონდა, ბატონ გიორგის ჯერ პარტია არა აქვს, პოლიტიკურად არ აქტიურობს, მაგრამ ეს ჩაფიქრებული ჰქონდათ. ვიღაცას ჩემი მოშორება უნდოდა. მითხრეს იაშვილი აქტიურობდაო, სამხარაძე დიტოს მოადგილე. როგორც მითხრეს, დიტო და მისი მოადგილე აქტიურობდნენო. ეტყობა მათაც დაავალეს, არამგონია, დიტოს დონეზე წყდებოდეს. მე არ ვიყავი და არა ვარ ხელწამოსაკრავი ადამიანი “ქართული ოცნებისთვის” თუ მათ ჭკუა აქვთ ზემოთ. ვერც დიტო და ვერც ვერავინ განსაზღვრავს იმას, თუ რა გამიკეთებია “ქართული ოცნებისთვის”, არამარტო მე მთლიანად მთელს ჩემს ოჯახს. ბრძანებაში მუხლებია მითითებული, არაჯეროვნად შევასრულე სამსახური. თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია”, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.

თავის მხრივ, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლაშა გვასალია დაკავებული პოსტიდან სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო გაათავისუფლეს.

“სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისთვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე”,- აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.