გორის მერიიდან 5 ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორისაა დავით ჭალიძე, ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, რომელიც უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა.
ჭალიძის თქმით, ის გუშინ სამსახურში ჩვეულებრივად მივიდა, მოგვიანებით, შესვენებიდან უკან დაბრუნებულს დაცვის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მერიაში აღარ მუშაობდა.
ჭალიძე გათავისუფლებას იმ კრიტიკულ კომენტარებს უკავშირებს, რომლებსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში წერდა. ჭალიძეს მერის მოადგილემ წარსულში მოუწოდა, რომ ამ სახით მერის კრიტიკა შეეწყვიტა.
“სამართლიანობის ეგიდით მოსული ხელისუფლება უსამართლობის ზღვაშია ჩაშვებული და შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემს სამართლიან პოზიციებს ვაფიქსირებ ხოლმე სოციალურ ქსელებში, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ გამათავისუფლეს სამსახურიდან. […] პირველი შემთხვევა არ არის, ჩემ მიმართ ხელისუფლება ახორციელებს დევნას”, – ამბობს ჭალიძე.
ჭალიძის განცხადებით, ის მერის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.