ოპოზიცია სამთავრობო შენობების პიკეტირებას ხვალიდან განაახლებს

869
შემდეგი სტატია
ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ხვალიდან, 4 თებერვლიდან განაახლებს. ოპოზიციის განცხადებით, გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების პიკეტირება მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ დათანხმდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

საპროტესტო აქციები იქნება რეგიონებშიც.

პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძიე ამბობს, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და არ აპირებენ დაესწრონ პლენარულ სხდომებს.

“თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტი იქნება, ვიდრე ქართული ოცნება არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ან ვერ გაუძლებენ საგარეო და საშინაო ზეწოლას”, – აღნიშნა მან.

რომან გოცირიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ენმ პარლამენტის ტრიბუნასაც გამოიყენებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება მძლავრი აქციები, პიკეტირება და პარალელურად გაიმართება მოლაპარაკებებიც საარჩევნო სისტემაზე.

„ბუნებრივია, იქნება პიკეტიც, იქნება აქციები, ძალიან მძლავრი აქციებიც, იქნება დიდი აქციაც და საბოლოო ჯამში, პარალელურად, ბუნებრივია, გაგრძელდება მოლაპარაკებები და მოლაპრაკებებისთვის, რათ ქმა უნდა, ეს არის წნეხი, პირდაპირ გეუბნებით. ეს წნეხი და გარესამყაროს წნეხი არის ის წნეხი, რაც ლეგიტიმურია, კანონიერი საშუალებებია. მათი პასუხი არის ყოვლად უკანონო – ეს არის დარბევა, დაპატიმრება, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიის მინგრევა” ,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

ხვალ, 4 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია იხსნება. აქციები ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტვისტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ოთხივე უშედეგოდ დასრულdა. ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნები ან სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ან ე.წ. გერმანული მოდელით.

“ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზა, რომ შერეული სისტემა შენარჩუნდეს, თუმცა, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ოპოზიცია ამ ახალ წინადადებას მიუღებელს უწოდებს.