გარდაბნის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 6 150 000 ლარის ღირებულების 6 პროექტი დაუფინანსდა

141

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

გარდაბნის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 6 პროექტი 6 150 000 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

კერძოდ, ქალაქ გარდაბანში შიდა გზების (თამარ მეფის, გამარჯვების, აშიშბილალის ქუჩები და ქვემო კაპანაჩხის დასახლებაში მისასვლელი გზა და ჩიხი) რეაბილიტაციას 1 486 642 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, სოფლის შიდა გზების მოასფალტებისთვის სოფელ კრწანისში 285 291, სოფელ მუღანლოში 363 238, სოფელ სართიჭალაში 612 773 ლარი გამოიყო.

ამასთან, სოფელ მარტყოფში ღვთაების მონასტერთან მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და ხიდის მოწყობისთვის 2 152 056, ხოლო სოფელ საცხენისისა და სოფელ ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისთვის 1 250 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 7 877 106 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან რუსთავის, წალკის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.