“ქართული ოცნება” ბორჯომში დღეს, 17:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს

805

წინა სტატია

“ქართული ოცნება” ბორჯომში დღეს, 17:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს. ამის შესახებ ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კვირკველიამ განაცხადა.

მან თანაქალაქელებს მოუწოდა, მივიდნენ აქციაზე და მოთხოვნას მხარი დაუჭირონ, ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიცია მუნიციპალიტეტის პარალიზებას ახდენს. მისი თქმით, ვერ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო მერიის თანამშრომლები უხელფასოდ მუშაობენ.

კვირკველიამ საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ წუხელ დააანონსა.

დღეს დილიდან კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმებია მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.

გამოყენებულია “სამხრეთის კარიბჭის” ვიდეომასალა