“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებზე და ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე შეფასებას აქვეყნებს.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციამ სპეციალური ქიმიური საშუალებები კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა.
საია წერს, რომ ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. ორგანიზაცია წერს, რომ მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს დაუშვებელია, ასევე, დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი.
“საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით”, – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, საია წერს, რომ ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებად საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს, რომლის ჩატარების დროსაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობა.
“მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი”, – წერს ორგანიზაცია.
საია მოუწოდებს ხელისუფლებას:
- მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით;
- მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება და მშვიდობიანი პროტეს.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ, 23 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.