ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი: მოვუწოდებ პოლიტიკურ აქტორებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს

364

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტმირ ბუშატი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს მოუწოდებს, ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედონ.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად და ასევე ქვეყნის მისწრაფების შესაბამისად, რომელსაც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა სურს,“- წერს დიტმირ ბუშატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ, 23 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.