სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციონერი ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გამო

378

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ერთანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო.

“დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში”, – განაცხადა პრაისმა.

მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა:

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, სასამართლო და პროკურატურის სისტემების თავისუფლების უზრუნველყოფით პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ საქართველოსთან მუშაობას განვაგრძობთ, რათა დავუჭიროთ მხარი კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსპიკერმა.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ, 23 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.