შსს: ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ფაქტებს შევისწავლით და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ

283

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილები, “არაერთი გაფრთხილების მიუხედავად”, პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

შსს ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი გაურკვეველ საგანს ისვრის. შსს-ს მტკიცებით, ეს ადამიანი ენმ-ის აქტივისტია და მყარი საგანი პოლიციის მიმართულებით ისროლა, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქის ფოტოტექნიკა.

უწყება ამბობს, რომ ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ კადრებს “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე” ასაჯაროებს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია მელიას და იქ შეკრებილ მოქალაქეებს ოფისის დასატოვებლად ვადას აძლევს.

“სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს. შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა”, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებებიც. განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ “დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”.