ვიცეპრემიერი: პარტიების დაფინანსება ყოველთვის მიბმულია პასუხისმგებლობის აღებაზე

435

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკურ პარტიებს ვაფინანსებთ სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და შეასრულონ ის დაკვეთა, რა დაკვეთასაც მათ აძლევს მოქალაქე, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, „დაფინანსება ყოველთვის მიბმულია პასუხისმგებლობის აღებაზე“. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.

„არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი თავის პოლიტიკურ პარტიად პოზიციონიება, პირველ რიგში, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება იმ პროცესში მონაწილეობაში, რასაც გულისხმობს საპარლამენტო დემოკრატია. შესაბამისად, ყველა ამ პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში ისე, როგორც ეს გადაწყვიტა ქართველმა ამომრჩეველმა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსებაზე, დაფინანსება ყოველთვის მოყვება ამა თუ იმ საქმის კეთებას და ამა თუ იმ პასუხისმგებლობის აღებას, შესაბამისად, ჩემი პოზიციაც არის ის, რომ ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკურ პარტიებს ვაფინანსებთ სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და შეასრულონ ის დაკვეთა, რა დაკვეთასაც მათ აძლევს მოქალაქე და რა დაფინანსებსაც ეს მოქალაქე იხდის თავის ჯიბიდან. შესაბამისად, ყველა დაფინანსება არის მიბმული პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგასენებთ, რომ ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკო-ში განაცხადი არ შეუტანია.

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს, შესაბამისად, მისი თქმით, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. ხოლო გიორგი კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველს” ეს თანხა ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად სჭირდება.

რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგი უგულავას ის პარტიების დაფინანსების საკითხზე უმრავლესობას ასე ეხმაურება: ” გააუქმეთ და წაიღეთ ეს დაფინანსება – უკანონოდ მოიქცევით, მაგრამ უკანონობა თქვენი ცხოვრების წესია”

ხოლო, “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია.