ევროკავშირის ელჩი: მივესალმებით მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა

328
ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიესალმება ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, რათა გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა. განცხადება მან ტვიტერზე გაავრცელა.

“ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დასათმობი არავის არაფერი აქვს.

გარდა ამისა, 10 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლმა ორი განცხადება გაავრცელა, რომელიც ზოგისთვის ურთიერთგამომრიცხავია. ვაშაძის პირველი განცხადების თანახმად, ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

ოპოზიციაში აღნიშნულ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ამ განცხადებიდან მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.