უდუმაშვილი: ენმ უერთდება 4 ოპოზიციური პარტიის განცხადებას, ყველა ერთი გეგმით მივდივართ

432

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ უერთდება ოთხი ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. მან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა პარტია ერთი გეგმით მიდის.

“დიდი აქციების გარდა, იქნება პროტესტის სხვადასხვა სახის ფორმები, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია ერთ აზრზეა და ერთი გეგმით მივდივართ. მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ერთი გეგმით მივდივართ. ჩვენც ვუერთდებით იმ განცხადებას, ნაციონალური მოძრაობა უერთდება იმ განცხადებას, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა,” – თქვა უდუმაშვილმა.

დღეს, 10 ნოემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლმა ორი განცხადება გაავრცელა, რომელიც ზოგისთვის ურთიერთგამომრიცხავია. ვაშაძის პირველი განცხადების თანახმად, ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

ოპოზიციაში აღნიშნულ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ვაშაძის სიტყვები გაუგებარია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვაშაძის განცხადება პარტიასთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არაა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ვაშაძის სიტყვები პარლამენტში შესვლის მოწოდებად აღიქვა.

ამ განცხადებიდან მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.

ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.