“გირჩი” „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების ინიციატივით გამოდის, რომელიც ქონების გადასახადს შეეხება. კერძოდ, როგორც დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჰერმან საბომ განაცხადა, დადგენილი წესი, რომ 0.2 პროცენტის ოდენობით ქონების გადასახადს იხდიან 40 ათას ლარზე მეტი შემოსვლის მქონე ოჯახები, ხოლო თითქმის 1 პროცენტამდე გადასახადს 100 ათასი ლარის შემოსავლის მქონე ოჯახები, ინფლაციის გათვალისწინებით რელევანტური აღარ არის და შემოსავალი ერთ შემთხვევაში 70 ათასს, ხოლო მეორე შემთხვევაში 175 ათასს უნდა აჭარბებდეს, რომ ოჯახები ამ გადასახადით დაიბეგრონ.
ჰერმან საბო აცხადებს, რომ “გირჩი” ზოგადად ამ გადასახადის მოხსნის მომხრეა, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ცვლილება იქნება მცირე ნაბიჯი, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ფენას დაეხმარონ.
“2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ შემოიღო კანონი, რომლის მიზანი იყო შეძლებული ოჯახების დაბეგვრა, ე.წ. ქონების გადასახადი. თუ თქვენი შემოსავალი იყო 40 000 ლარამდე, თქვენ ვალდებული იყავით ბიუჯეტისთვის გადაგეხადათ თქვენი ქონების 0.2 პროცენტი, ხოლო თუ 100 000 ლარზე მეტი იყო, ბიუჯეტში იხდიდით თქვენი ქონების 1 პროცენტამდე თანხას. ამის მერე 12 წელი გავიდა და ამ ხელისუფლების დამსახურებით, ასევე ეროვნული ბანკის დამსახურებით ლარი გაუფასურდა 75 პროცენტით. ანუ რასაც 2010 წელს ლარით იყიდდით, ახლა ამისთვის 1.75 გჭირდებათ. ამხელა ინფლაციის გამო, მოგების გადასახადის გადახდა უკვე უწევთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩანაფიქრში ის არ უნდა გადაეხადათ. მაგალითად, თუ თქვენი ორი ოჯახის წევრი მუშაობს და ხელზე ასაღები აქვს 1350 ლარი, თქვენ სახელმწიფო ჩაგთვლით შეძლებულ ოჯახად და მოგიწევთ გადაიხადოთ ეს გადასახადი, ოღონდ არა იმიტომ, რომ თქვენ გამდიდრდით, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად დაბეჭდა უამრავი ახალი ლარიანი და თქვენ მოხვდით იმ ჯგუფში, რომელსაც ამ გადასახადის გადახდა უწევთ.
ჩვენ გვინდა დღეს შევიტანოთ კანონპროექტი, რომლის მიზანია გადმოვიღოთ წესიერი და ნორმალური ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ასეთი ტიპის გადასახადების კორექცია ხდება ინფლაციის გათვალისწინებით, თუ მოვახერხეთ, რომ ეს გავიტანოთ, ქონების გადასახადი დაიწყება არა 40 000 -დან, არამედ 70 000- დან, ხოლო მეორე ჯგუფის შემთხვევაში ეს იქნება არა 100 000- დან, არამედ 175 ათასი ლარიდან. ამ სიტუაციაში ყველაზე მინიმუმი რაც შეიძლება გავაკეთოთ საშუალო ფენისთვის, არის ეს პატარა ცვლილება”, – განაცხადა საბომ.