სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატში ამ დრომდე არ წყდება იმ აქტივისტების ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც დაკავებულებს ეძებენ.
“რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას.
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში”, — აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა.
ასევე, სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სამომავლოდ, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხშაბათს, 10 ნოემბერს გამართულ აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა.
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 სხვადასხვა ადგილას აქცია გაიმართა. აქტივისტები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დღეს გამართულ აქციებზე დაკავებული 46 პირიდან 20 მათგანის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია.