მდინარაძე: ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ დარჩათ

298

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ დარჩათ.

„ცესკოს და პარალელურად დათვლის შედეგებში იყო მცირე ცდომილება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართულ ოცნების“ შედეგების. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ბევრი, ჩვენ მივმართეთ, ვთხოვეთ „სამართლიან არჩევნებს“, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ გადათვლილ 1500 უბანზე მოეწოდებინათ ინფორმაცია, რომელთან დადარების შედეგადაც კიდევ უფრო დეტალურად გავერკვეოდით, რაშია საქმე, რამ გამოიწვია ის მცირე სხვაობა. თუ ისინი იტყვიან, რომ გათვალისწინებული იყო ბათილი ბიულეტენები გამოდის, რომ არც ერთ პარტიას არც ერთი პროცენტი და არც ერთი ხმა არ დაკლებია და ეს მოხდა „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, იმ პარტიების ხარჯზე, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი. საზოგადოება თავის დასკვნას ალბათ, გამოიტანს – მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ მაინც საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის გვჭირდება იმ უბნების ჩამონათვალი მათგან, რომ გავიაროთ კიდევ ერთხელ. თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არგუმენტი აღარ დარჩა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.