“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, ცესკოს შენობაზე დემონსტრანტების მხრიდან “უმძიმესი შტურმი” განხორციელდა, წყლის ჭავლი ის მინიმალური ზომა იყო, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიყენეს. მისი შეფასებით, იქ “სათანადოდ” იყო დაცული პროპორციულობის პრინციპი.
“რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, ვახსენე, ასევე, ალეკო ელისაშვილის აღიარება, რომ იყო უმძიმესი შტურმი სხვადასხვა ფორმით განხორციელებული, მათ შორის ქვების დაშენით, ღობის შენგრევით, შტურმი იყო მიტანილი ცესკოს შენობაზე, დემონსტრანტები პოლიციას ძალადობრივად და ძალისმიერად უპირისპირდებოდნენ, ასეთ დროს, ბუნებრივია თავდაცვითი რეაგირების განხორციელება სამართალდამცავი ორგანოებისგან არის ნორმალური და წყლის ჭავლი იყო მინიმალური ზომა, რომელიც იქნა გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და შესაბამისად, აქ სათანადოდ იყო დაცული თანაზომიერების, იგივე პროპორციულობის პრინციპი”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ. გუშინდელ აქციაზე დააკავეს აქციის 19 მონაწილეც, რომელთა ნაწილსაც ჯარიმა, ნაწილს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.
აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.