ბოკერია: გრძელდება უტიფარი, ქვეყნისთვის სახიფათო კამპანია ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან, ვიდრე ეს არ შეიცვლება, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება

293

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო და მთლიანი ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს, მათ შორის 21 ნოემბერსაც, როდესაც ფიქტიური მეორე ტურები გაიმართება.

ბოკერიას თქმით, ამ ვითარებაში მთლიან ოპოზიციას პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა უწევს, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი და ქვეყნისთვის საზიანოა.

„არანაირ უპირატესობას იმისა, რომ რაღაც საბოლოო თარიღები ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის ამ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, არ მივანიჭებ. უახლოესი გეგმა არის ის, რომ შაბათს გაიმართება აქცია, შემდეგ გვაქვს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების იდეა.

იცით, რომ მოდის რამდენიმე თარიღი, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო თარიღია 21 ნოემბერი, როცა უნდა გაიმართოს ფიქტიური მეორე ტური. პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ და პოლიტიკური სპექტრის პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვიწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი არის და ქვეყნისთვის საზიანო.

ამიტომ, ეს ფიქტიური მეორე ტური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხრიდან გაპროტესტდება. ამის შემდეგ სამოქალაქო პროცესი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ეს ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული, როგორც ნორმალური, ვიდრე არ გაუქმდება არჩევნების ეს შედეგები”, – ამბობს ბოკერია.

ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციის, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ ბუნებრივია, დიალოგი უნდა იყოს იმ საკითხზე, რამაც შექმნა კრიზისი.

„ეს საკითხი არის ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად არჩევნების მიღებული შედეგების გაუქმება და ხელახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება. ამ ქოლგის ქვეშ ბევრი საკითხია, ცესკო-ს თავმჯდომარის, ცესკო-ს სხვადასხვა უწყების როლი ამ სამარცხვინო პროცესში, ასევე, ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ეს არის ის თემა, რაზეც დიალოგი უნდა იყოს, რათა განიმუხტოს ვითარება. რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის დღევანდელ პოზიციას, დიახ, ჩვენ ვხედავთ იგივე უტიფარი, ქვეყნისთვის ძალიან საზიანო და სახიფათო კამპანიის გაგრძელებას ივანიშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან. სანამ ეს არ შეიცვლება, მანამდე გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი. ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი, მშვიდობიანი პროტესტისთვის. დღევანდელი ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის.

გარდა ამისა, გრძელდება ქუჩის აქციები. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

მანამდე, 8 ნოემბერს ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.