ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, მათი პასუხის არის ულტიმატუმი. მათ მიდგომა უნდა შეიცვალონ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ საზოგადოებას და პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ესაუბროს.
„ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, კონსულტაციებისკენ, მათი პასუხის არის ულტიმატუმი. ბუნებრივია, ისინი მკაცრ პასუხს მიიღებენ ასეთ ულტიმატუმებზე ყველასგან, მათ შორის საზოგადოებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამას მათ არავინ გაუტარებს. რაც შეეხება ულტიმატუმს, რომ ჯერ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და მერე დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არასწორი საუბარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, მათ მიდგომა უნდა შეიცვალონ. ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ. აქციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა დაწესებული შეზღუდვების მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და პარლამენტის შენობასთან დარჩა.
მანამდე, 8 ნოემბერს ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ. გუშინდელ აქციაზე დააკავეს აქციის 19 მონაწილეც, რომელთა ნაწილსაც ჯარიმა, ნაწილს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.