პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ აქვს ადეკვატური აღქმა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და მოქალაქეების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მისი თქმით, მმართველი ძალა ნებისმიერ დროს მზადაა დიალოგისთვის, თუმცა, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, დიალოგს თან არ უნდა ახლეს ულტიმატუმები.
„ჩვენ, თავისთავად ცხადია, ნებისმიერ დროს მზად ვართ დიალოგისთვის. მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საელჩოებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან და შემოგვთავაზეს კიდეც, რომ ასეთი დიალოგი შედგეს, მაგრამ დიალოგის ფორმატში არ უნდა იყოს ულტიმატუმით საუბარი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინეტერესი. ის, რომ წააგეს, არის ფაქტი, ის, რომ წააგებდნენ, ესეც ძალიან კარგად იცოდნენ, ამიტომ ყველაზე მთავარი არის პატივი სცე ამომრჩეველს, საკუთარსაც და შენი მოწინააღმდეგისასაც და შესაბამისად, პირველ რიგში, იფიქრო ქვეყნის მომავალზე. ასეთი დიალოგისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ არა იმ დიალოგისთვის, რომ ხალხის, როგორც უზენაესის, გადაწყვეტილება რაიმე ფორმით შეიცვალოს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა პროცესი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, “მათივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა იქნას გადმოტანილი სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე”.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.