პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან

381

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დასაწყებად ემზადებიან. ადგილზე მიმდინარეობს სიტყვით გამომსვლელთათვის სცენის მოწყობა.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატარნსპორტო მოძრაობა გადაკეტილი არ არის.

აქციის მხარდამჭერები ადგილზე ოპოზიციის ლიდერების მოსვლას ელოდებიან.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ.

ცესკოს შენობასთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.