ცესკო: 8 ნოემბრის მოვლენები არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა გამოქვეყნდა: 9 წუთის წინ

369

ცენტრალური საარჩევნო კომისია გუშინდელ მოვლენებს Facebook-ზე ეხმიანება და მიაჩნია, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში.

“2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში. დაზუსტდა შემაჯამებელი ოქმების ნაწილი, სხვადასხვა ოლქებში გადაითვალა უბნების შედეგები და ჯერ კიდევ პროცესები მიმდინარეობს და არ დამდგარა საბოლოო ოფიციალური შედეგი.

თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა, რაც ცხადია აჩენს კითხვის ნიშნებს, წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არ ჯდება იმ სამართლებრივ ფორმებში, რომელიც მნიშვნელოვანია პროცესების ნდობის თვალსაზრისით”. – წერია ცესკოს განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ  საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში”, – წერია გაცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ.