შსს-მ ცესკოს აქციზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით დაიწყო

439

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოსთან მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით დაიწყო. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება 20 ივნისის აქციის შემდეგ.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს”, — წერია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.