შსს ცესკოსთან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას ისევ უარყოფს, თუმცა, წიწაკის სპრეის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს

301

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცესკოს წინ გამართულ აქციაზე შესაძლოა გამოყენებულიყო ე.წ. წიწაკის სპრეი. სამინისტროში აცხადებენ, რომ, აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.

“ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას კატეგორიულად ვუარყობთ, ეს არ ყოფილა აქციის მიმართ გამოყენებული. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება ე.წ. წიწაკის სპრე, რომელიც საჭიროების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, ეს არის სპერეი”, — განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შს სამინისტროს ცნობით, ცესკოსთან ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ. მისივე თქმით, ნაწილს დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე და ნაწილი გადაიყვანეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.