ირაკლი კობახიძე: ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, თინა ბოკუჩავა თავად დაგვიკავშირდა

412

წინა სტატია

“ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა – მე და არჩილ თალაკვაძეს – ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივებს”, – განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის დღევანდელმა აქციამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შედეგებს იზიარებს.

“მოქალაქეების დათვლა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და ჩვენ თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა, როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება. შესაბამისად, დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს. ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, რომლებიც დღეს გამოდიოდნენ მაგალითად ტრიბუნიდან. ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება.

დღევანდელმა დღემ უტყუარად დაადასტურა ის, რომ ქართველმა ხალხმა, საიადანაც, თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა ამ არჩევნებზე მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”, დღევანდელი დღის საშუალებით კიდევ ერთხელ აღიარა არჩევნების შედეგები”, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

ამ დროისთვის მომიტინგეები ცესკოსკენ მიემართებიან.