ზურაბ ჯაფარიძე: მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება და ჩვენ მივალთ ხელახალ არჩევნებამდე

353

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რა გამწარებული უნდა იყოს ადამიანი არჩევანის წართმევით, რომ ამ რისკების ფონზეც გამოვიდეს და დადგეს აქციაზე, – ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ შექმნის დამატებით რისკებს აქცია კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჯაფარიძე პასუხობს, რომ კოვიდთან ბრძოლა არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.

„თქვენ ხედავთ, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ატარებს პირბადეს და ცდილობენ დისტანციაც დაიცვან, მით უმეტეს, თუ ხელისუფლება ხედავს, რომ ასეთი საფრთხე არსებობს, უნდა ესმოდეს, რა გამწარებული უნდა იყოს ადამიანი, არჩევანის წართმევით, რომ ამ რისკების ფონზეც გამოვიდეს და დადგეს აქციაზე.

აქციის მთავარი მიზანი იყო, რომ პირველ რიგში, ხელისუფლებას და შემდეგ ჩვენ დაგვენახა, რომ ამ ქვეყანაში არის უამრავი გაბრაზებული ადამიანი , რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ მას წაართვეს არჩევანი და ეს მიზანი მგონია, რომ ამ აქციამ შეასრულა, საკმარისზე მეტი რაოდენობა გამოვიდა ხალხის, რომ ეთქვა ხელისუფლებისთვის, რომ ისინი არ არიან ლეგიტიმური ხელისუფლება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს მოთხოვნებს პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება.

„პროტესტი გაგრძელდება, კონკრეტულად რა სახეს მიიღებს, ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენ მივალთ ხელახალ არჩევნებამდე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.