ოპოზიციამ აჩვენა, რომ არ გაიყიდებიან არცერთ გადმოგდებულ ლუკმაზე და მეტი რა უნდა აჩვენოს ოპოზიციამ?! თუ გუშინ ოპოზიცია შემოხაზე, დღეს აიღე და ენდე მათ ლიდერებს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საპროტესტო აქციას სახლებიდან და ტელევიზორებიდან აკვირდებიან. მისი შეფასებით, ოპოზიცია ისეთი ერთიანი და კონსოლიდირებულია დღეს, როგორც არასდროს.
მარგველაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლებაშია ის ძალა, რომელიც არ იცნობს საქართველოს მოსახლეობას.
„ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები, ჩვენ ვდგავართ აქ შეურაცხყოფილები და ცოტა გაოცებულებიც, რადგანაც ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ისტორიის; ვერ ისწავლა იმის გაკვეთილი, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებს. ეს თვალნათლივ ჩანდა მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე, როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ ვერ გრძნობდე ამ საზოგადოებას?! როგორ შეიძლება საკუთარ თავს ამ ხალხის მთავრობას უწოდებდე და საერთოდ არ იცოდე ამ ხალხის ისტორია?! ჩვენ აქ ვდგავართ ამდენი წლის განმავლობაში და არცერთხელ არ წაუგია ქართველ საზოგადოებას, როგორც შეიძლება ეს არ იცოდე?! კიდევ კარგი აქ ვდგავართ არამხოლოდ ის ხალხი, ვინ 30 წლის წინაც აქ ვიყავით, არამედ მე ვხედავ იმ ახალგაზრდობას, რომელსაც გადავაბარებთ ჩვენ მომავალ ხელისუფლებას. მე მინდა მივმართო არამარტო ამ მიტინგს, არამედ იმ ხალხს ვინც ტელევიზიით გვისმენს, მინდა მივმართო იმ ხალხს ვინ „ქართული ოცნება“ შემოხაზა: კიდევ კარგი რომ ჩვენ დღეს აქ ვდგავართ, ჩვენი პროტესტი რომ არ ყოფილიყო, რა საქართველოში გაიღვიძებდა საქართველოს?! ყველა მოქალაქე იმ საქართველოში გაიღვიძებდა, სადაც აი, ის მოკრიმინალო, ისტერიული კრიმინალები მიადგებოდნენ და რასაც უნდოდათ მოსთხოვდნენ. იმ საქართველოში გაიღვიძებდნენ, სადაც უსამართლობა იქნება დაწესებული ფორმა. ეს ყველას შეეხებოდა, არ აქვს მნიშვნელობა რა შემოხაზა. გვინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება?! გვინდა წავიდეთ უკან?! მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზორში უყურებენ აქციას და თავისი იდეები აქვს თუ რა უნდა გააკეთოს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ. ოპოზიციამ დღეს აჩვენა უპრეცედენტო ერთობა, დღეს ოპოზიციამ აჩვენა პრინციპულობა, ოპოზიციამ აჩვენა ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით ოპოზიციისგან, მან დაიცვა მოქალაქის ხმა. ოპოზიციამ აჩვენა, რომ არ გაიყიდებიან არცერთ გადმოგდებულ ლუკმაზე და მეტი რა უნდა აჩვენოს ოპოზიციამ?! თუ გუშინ ოპოზიცია შემოხაზე, დღეს აიღე და ენდე მათ ლიდერებს. ან მათ გვერდში დადექი ან გაჩუმდი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.
ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.