ელისაშვილი: უნდა გადავდოთ, აქ მდგომნი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება – დიდი ბრძოლა, დიდი ჯანჯღარი გველის

1019

დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ერთობლივ აქციაზე განაცხადა.

ელისაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ერთ მუშტად უნდა შეიკრას ყველა, აჩვენონ მტერს და მოყვარეს, რომ „ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ“.

„აქ სხვადასხვა დროშა კი ფრიალებს, მაგრამ ერთ საქმეზე ვართ მოსულები, ერთი დარდი გვაქვს, ერთი მიზანი გვაქვს საბრძოლველად – თავისუფალ, ნორმალურ, პატიოსან ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ ჩვენც და ვაცხოვროთ ჩვენი შვილებიც. საკუთარ თავთან, საკუთარ ნამუსთან, ჩვენს შვილებთან და მათ მომავალთან ვიყოთ მართლები, აბუჩად ვერავინ გვიგდებდეს. ისტორია თარიღებით გვაქვს არასწორად ნასწავლი, არადა, პროცესების გააზრებაა მთავარი. დავაკვირდეთ ჩვენს ისტორიას როდის და სად ვმარცხდებოდით და რატომ არის, რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღარა ვართ და აგერ შუაგულ ქართლშია ღობე შემოვლებული. რატომ? – იმიტომ, რომ ხშირად ერთმანეთის ქიშპი გვერჩივნა ქართველებს.

ეს დღეები გაისმის იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, ამას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო. დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ. ამ საფრთხეში უნდა გადავდოთ აქ მდგომნი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში და ერთხელ და სამუდამოდ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, ვაჩვენოთ მტერს და ვაჩვენოთ მოყვარეს რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ! ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ ვითხოვთ პატიოსან არჩევნებს. დიდი ბრძოლა, დიდი ჯანჯღარი გველის, დიდი დაძაბულობა, მაგრამ მგონი, მზად ვართ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.