ხატია დეკანოიძე: უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ამ ბრძოლაში ყველა რიგითი ჯარისკაცები ვართ

373

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ამ ბრძოლაში ყველა რიგითი ჯარისკაცები ვართ,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებს.

მისი თქმით, აქციაზე ყველა ერთი იდეისთვის იბრძვის და ეს არის ხმების დაცვა და ბედნიერი მომავალი.

„აქ არიან სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმების წარმომადგენლები, სხვადსხვა პარტიები, რომელთა შორის ზღვარი წაიშალა. წაიშალა, რადგან ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო, ჩვენს უკან არიან დაჭერილი, რეპრესირებული ადამიანები. ჩვენ, ყველა ერთად, ვინც აქ ვართ, ვემსახურებით ჩვენ სამშობლოს, მომავალს და ვემსახურებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის ოლიგარქის ხელებიდან დახსნა.

თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის, თავისუფლება გამორჩეული ადამიანების ხვედრია, იმ ადამიანების ხვედრია, ვინც დღეს აქ ხმების დასაცავად მოვიდა, ისეთი ადამიანების ხვედრია, ვისაც დღეს საქართველო ივანიშვილის გარეშე უნდა. თავისუფლება ჩვენი ხვედრია და თავისუფლება ივანიშვილის ხვედრი არ არის, ის რუსეთის გავლენას ემსახურება. ჩვენ ყველა თანასწორები ვართ, არავითარი ზღვარი ჩვენს შორის არ არის და ვიბრძვით ერთი იდეისთვის რომელიც არის სამშობლო, მოპარული ქვეყნის დაცვა და იდეა რომელსაც ჰქვია ბედნიერი, განვითარებული, წარმატებული საქართველო. დიახ, ჩვენ ხმები მოგვპარეს, მოიპარეს დაახლოებით საქართველოს მესამედი მოსახლეობის ხმა და ვდგავართ იმიტომ, რომ ეს ხმები დავიცვათ და ოლიგარქს, მის აუდიანტებს, მსახურებს ვუთხრათ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეყოლება ახალი ადმინისტრაცია და ადამიანები მიიღებენ ყველაფერს იმას, რასაც ჩვენი სამშობლო იმსახურებს.

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ამ ბრძოლაში ყველა რიგითი ჯარისკაცები ვართ, ჩვენი ხმებისთვის, ჩვენი კონსტიტუციისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენთვის და მომავალისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.