ხაზარაძე: ამ პარლამენტში არავინ შევა – მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო

323

წინა სტატია

ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც „ოცნებას“, არც რუსეთს, გაუმარჯოს ნაღდ, გულანთებულ საქართველოს, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „დღეს კიდევ აქტუალურია მთავარი საკითხი – ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? – აქ დგომით ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის დავუთმობთ! არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის!“

„დღეს, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიკრიბა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ტყუილი, ვერავინ გაბედოს თავისუფალი მოქალაქის ხმის წართმევა. დღეს ჩვენ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მაგრამ ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ თითოული პარტიის დონედან და ვიფიქროთ ჩვენ ქვეყანაზე, ქვეყანა, რომელიც გამუდმებით იბრძვის თავისუფლებითვის და ბედისწერად აქვს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.

მოგიწოდებთ ყველას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო იმიტომ, რომ ბრძოლა ეხება ჩვენს ქვეყანს, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს და ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. დღეს ილიას დაბადების დღეა. დიახ, ამდენი ხნის მერე კიდევ აქტუალურია მთავარი საკითხი – ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? გვეკუთვნის ჩვენ ეს ქვეყანა? აქ დგომით ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის დავუთმობთ! არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის.

ქვეყნის დამონება იწყება ადამიანის შეშინებით, ქვეყნის დამონება იწყება ყველაზე მთავარი, ღმერთისგან ბოძებული სიტყვის წართმევით, ხმის წართმევით. მე გეუბნებით, რომ ყველა ხმა იქნება დაცული. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ქართველებო, გვჭირდება სამართლიანი სახელმწიფო, გვჭირდება სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა, თუ გვინდა რომ ამოვიდეთ ამ მენტალური და ეკონომიკური ჭაობიდან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „პარლამენტში არავინ შევა იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო“.

„მითხრეს, რომ ამ არჩევნებზე პირველად მივიდა, დაახლოებით, 80 ათასი ახალგაზრდა და ხმა მისცა. 80 ათასი ჩვენი შვილი პირველად მონაწილეობდა არჩევნებში. გეკითხებით, რა უნდა ვუთხრათ ამ შვილებს? გავატაროთ? რა უნდა ვუთხრათ ამათ, ვითომ არაფერი მოხდა? ასე არ გამოვა! ჩვენ თითოეული ამ შვილის ხმა უნდა დავიცვათ. ამ პარლამენტში არავინ შევა იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო, თუ გვინდა რომ მომავალი თაობა ამ გაჭირვებიდან გამოვიდეს, თუ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს, თუ გვინდა რომ ერთხელ და სამუდამოთ თავისუფალი ვიყოთ, ევროპული ქვეყანა, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. თავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, თავისუფლება ყოველდღიური ბრძოლაა. ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც „ოცნებას“, არც რუსეთს, გაუმარჯოს ნაღდ, გულანთებულ საქართველოს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და “ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.