“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბოროტ სიცრუესა და სისულელეს უწოდებს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის თაობაზე “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
უგულავას თქმით, პარტიებს შორის უპრეცედენტო ერთობაა იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ პარლამენტში არ შედის.
“არავინ ამაზე არ ფიქრობს, ტუტუცი ღლაპის, კობახიძის განცხადების მიუხედავად. ეს კაცი ივანიშვილის ბუდეს შეეჩვია, ივანიშვილის მეტყველებასა და აზროვნებას შეეჩვია და იყიდე-გაყიდეთი ლაპარაკობს – საქართველო ქარვასლა ჰგონია. სინამდვილე სულ სხვაა – სინამდვილე არის ის, რომ ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი პარტია ზუსტად ერთსა და იმავე აზრზეა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და “ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.