მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში ყოფილი კოლმეურნეობის შენობა იყიდა – რა გაკეთდება?

352

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობის ადგილას უახლოეს ორ წელიწადში კულტურის/ხელოვნების ცენტრმა უნდა დაიწყოს ფუნქციონირება – ასეთია საპრივატიზაციო პირობა, რომლითაც რამდენიმე თვის წინ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე 10682.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობები 267 000 ლარად შეიძინა.

აღსანიშნია, რომ ბოლო 30 წელია ამ შენობაში სამი დევნილი ოჯახი ცხოვრობს და აუქციონის პირობის თანახმადვე, მამუკა ხაზარაძე ვალდებულია, არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, ამ ოჯახებს სამეგრელოს რეგიონში საცხოვრებელი სახლები უყიდოს და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცეს.

Bm.ge-სთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ ადგილას მრავალფუნქციურ კომპლექსს შექმნის – პირობითი სახელიც უკვე შერჩეულია – „არტმეურნეობა“.

„აქ უნდა გაიხსნას ოთარ ეგაძის თეატრალური სარდაფი და მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური სკოლა, რომლის პროექტირებაზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. ნოემბერში დაიწყება ეზოს კეთილმოწყობაც. რამდენიმე ასეული ხე და დეკორატიული ბუჩქი შევიძინეთ იტალიაში, რომელიც უკვე გზაშია და ნოემბერში დავიწყებთ დარგვას, რათა ამ ტერიტორიას ახალი სიცოცხლე შევძინოთ.

ასევე, აქ აშენდება სასტუმრო და მოეწყობა აფხაზურ-კოლხური რესტორანი. ამ თემაზე რამდენიმე ნიჭიერ შეფ-მზარეულს უკვე ვესაუბრები – ეს იქნება ადგილი, სადაც აფხაზური და მეგრული კერძების ძველ რეცეპტების თანამედროვე სინთეზი მოხდება.

ჩვენ გვინდა, რომ წალენჯიხა გახდეს ადგილი, სადაც ტურისტები, რომლებიც მოგზაურობენ დასავლეთ საქართველოში ან სვანეთში, წალენჯიხაში არა უბრალოდ ღამის გასათევად გაჩერდნენ, არამედ კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღონ მონაწილეობა და სწორედ ამ მიმართულებით გვინდა ქალაქის დატვირთვა“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, სამომავლოდ, სწორედ ამ მისამართზე გააგრძელებს ფუნქციონირებას ნიკო კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის IT-სკოლაც.

“წალენჯიხა უნდა გავხადოთ საჩვენებელი მოდელი, თუ როგორ შეიძლება ერთ დროს მდიდარ, მაგრამ დღეს ძალიან ღარიბ მუნიციპალიტეტშიც კი შექმნა ისეთი განწყობა და ისეთი ინვესტიციები მოიზიდო, რომელიც ქალაქს დიდი ბრენდები თავშეყრის ადგილას აქცევს.

საბოლოო ჯამში, წალენჯიხა უნდა გახდეს მოდელი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის და ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ერთმმართველური, ჩაკეტილი სისტემა ვერ განავითარებს ქვეყანას და ვერ გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში.