“გირჩი” VS შრომის ინსპექცია – ინსპექტორები ისევ ბარებში დადიან და დაჯარიმებას ცდილობენ

683

შრომის ინსპექცია ისევ “გირჩის” პოლიტიკური შეხვედრების ადგილებით ინტერესდება. გასულ ღამეს, ინსპექციის წარმომადგენლები 2 ადგილზე  – გალაკტიონის ხიდის ქვეშ და შარდენზე მივიდნენ და პარტიის წარმომადგენლების დაჯარიმება იმ მოტივით სცადეს, რომ ღამის 22 საათის შემდეგ გასართობი დაწესებულებების მუშაობა იკრძალება. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. 

თბილისის რამდენიმე ბარი კი “გირჩს” პარტიული საქმიანობისთვის ღამის საათებში საკუთარ ტერიტორიას უთმობს, მათ შორის არის “და ჰაუსი” და “მაკლარენი”.

როგორც “გირჩის” წარმომადგენელმა “მთავარს” უთხრა, ორივე დაწესებულება გვიან ღამით შრომის ინსპექციის ერთმა თანამშრომელმა- მაია მიქავამ ჩამოიარა, თუმცა მის გამოჩენას ადგილზე ხმაური მოჰყვა. “გირჩის” წარმომადგენლები ითხოვდნენ აეხსნათ რა მოტივით იჭრებოდა უწყება პარტიულ შეკრებაზე და რა მოტივით ცდილობდნენ ჯარიმის დაწერას პოლიტიკური საქმიანობისთვის, თუმცა შრომის ინსპექტორს ამაზე პასუხი არ აღმოჩნდა და ტერიტორია დატოვა.

შეგახსენებთ, მსგავსი შემთხვევბი გასულ კვირასაც მოხდა. 19 ოქტომბერს შსს-მ ბარებში შეზღუდვების დარღვევის გამო გამოძიება დაიწყო.

ჯამში 11 ობიექტია დაჯარიმებული, აქედან ორ ბარზე – “ათონელი” და ბარი “ფელერსი” – სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

“გირჩიც” და დაჯარიმებული ბარების მეპატრონეებიც ჯარიმების გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, მთავრობის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათზე მუშაობას წყვეტს.