ჭიათურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ჭიათურის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მედეა მოდებაძე ამბობს, რომ მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოდებაძე, განმარტავს, რომ მას ხელი კაბინეტში ჰკრეს, მას შემდეგ რაც მერიაში მივიდა, რათა გაეგო ემუქრებოდა თუ არა იანვრიდან სამსახურიდან გათავისუფლება.
“წამოვიდა პირდაპირ, შეგნებულად, სადაც ვიჯექი და მითხრა, აქ რატომ ზიხარ შენ, მე არ ვიცი შენი სამუშაოო, ძალიან უხეშად. დამავლო ხელი და გადიო. მე ვუთხარი, არაფერს ვაშავებ, რა გინდათ ჩემთან-მეთქი”,- ამბობს მედეა მოდებაძე.
ჭიათურის მერიის პრესსამსახურში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია თანამდებობაზე რჩება თუ არა პირი, რომელსაც თანამშრომელი ცემაში ადანაშაულებს.