მერია გარემოვაჭრეებს დახლების აღებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმებით ემუქრება. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და აქ მომუშავე ადამიანებს ადგილის დატოვება მოსთხოვეს.
მერიის თანამშრომელმა თქვა, რომ გარემოვაჭრეები ტროტუარს კეტავენ და ფეხითმოსიარულეების უფლებებს ზღუდავენ.
გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მუშაობის შეწყვეტა არ შეუძლიათ.
“ის მაინც მითხრან, ეს გაყიდე, დროს მოგცემთო. მე სხვა არაფერი მაქვს. დღეში 50 ლარის წამალი მჭირდება, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს”. – ამბობს ერთ-ერთი ქალი.
“ლუკმა-პური აქედან უნდა ვიშოვო მე. როცა ხმის მიცემა უნდოდათ, მაშინ ხომ ვიყავით კარგები”. – ამბობს სხვა.
“მე მყავს 5 შვილიშვილი, რომლებსაც დედა არ ყავთ, მამა წასულია და მარტო ვზრდი. 45 ლარი მაგათ ფრჩხილების გასაკეთებლად არ ყოფნით და ჩვენ დევნილებს დახმარება გვაქვს 45 ლარი”. – თქვა კიდევ ერთმა გარემოვაჭრემ.
ერთ-ერთი მოვაჭრე მერიის ინსპექციამ 50 ლარითაც დააჯარიმა.