“გირჩის” შტაბბინასთან დაკავშირებულ 2 ბარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

815

წინა სტატია

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საღამოს 22:00 საათის მერე შეკრებისა და სასმელის გაყიდვის გამო ორი ბარის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. აღნიშნული ბარების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ მათ შენობაში “გირჩის” შტაბბინა იყო მოწყობილი და 22:00 საათის შემდეგ იქ პოლიტიკური მიზნებით იკრიბებოდნენ.

დეტალების გასარკვევად On.ge “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს დაუკავშირდა.

“ამ ბარების მეპატრონეები არიან ჩვენი მხარდამჭერები. იმისთვის, რომ 22:00 საათის მერე რეგულაციებში ჩამჯდარიყვნენ, თავიანთი ფართები ხელშეკრულებით უსასყიდლოდ აქვთ მოცემული. თუ რამე იყიდება იმ ბარებში, იყიდება, როგორც პარტიის შემოწირულობა”, — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, იმ ორი ბარიდან ერთ-ერთია ბარი FELLERS, რომელიც დაკეტილი იყო და იქ მხოლოდ დამლაგებელი იმყოფებოდა. მეგრელიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის “გირჩის” წევრები გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს.