“ნახევარ ოცნებას კორონა რომ აქვს და ვირუსს რომ მაინც გირჩი ავრცელებს”, – ამ ფორმით გამოეხმაურა პარტია “გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იმ ბარებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას, სადაც მათი შტაბებია განთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვის დარღვევის გამო (რის საფუძველზეც 22:00 საათზე რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მუშაობას წყვეტენ), თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს “ათონელის” კუთვნილი კვების ობიექტისა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ “FELLERS”-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.
მანამდე ზურა ჯაფარიძემ დაწერა, რომ “შტაბში სასმელით ხალხის “მიტყუება” არ მოსულა, თორემ ფულით საარჩევნო უბნებზე – ხსნილია”.
ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 ოქტომბერს კორონავირუსი “ქართული ოცნების” ორ წევრს, ნინო წილოსანს და გენადი მარგველაშვილს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათზე მუშაობას წყვეტს.