საქართველოს პროკურატურამ რუსთავში სოკოს მწარმოებელი კომპანიის დირექტორს, რომლის მიმართაც მოსახლეობას წლების განმავლობაში ჰქონდა პრეტენზიები, ბრალი წაუყენა. შპს “თეთრი ქუდის” დირექტორს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა მოუწევს ან სამ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს თეთრი ქუდი ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო”, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება). დაკავებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 7000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
რუსთავის მოსახლეობას სოკოს საწარმოსგან გამოწვეული სუნი წლებია აწუხებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში აქციები არაერთხელ გაიმართა. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საწარმო 20 სექტემბრიდან მუშაობას შეაჩერებდა.