პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტი რაშად მუსაევი გარდაბნის პოლიციაში მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საქმე ეხება მუქარის ფაქტს, რომელიც რაშად მუსაევმა „ქართული ოცნების“ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მისამართით განახორციელა.
რაშად მუსაევის თქმით, არავის მოკვლას არ აპირებდა.
„პოლიციამ დამირეკა პირდაპირი ეთერის გამო, სავალანის მისამართით რომ გავაკეთე. პოლიტიკურად მოკვლას ვგულისხმობდი, იმათ სხვანაირად ეგონათ. მე თავად დამირეკეს ყარაჯალიდან, რომ არჩევნების მერე დაგიჭერთო, შენს სახლში ნარკოტიკს იპოვნიანო. რახან „ლელოს“ მომხრე ვარ იმიტომ? ჩემი თავდაცვისთვის გავაკეთე ეგრე, ორი თვე ვეღარ მოვითმინე. ვიგინებოდი, საქართველოს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა რაშად მუსაევმა.
ადვოკატის გამნარტებით, ისინი მზად არიან, გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
გიორგი სამუშიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და ემოციურად მძიმე მდგომარეობაში იყო.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს პარტია „ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ის არ იცნობს რაშად მუსაევს და არც მისი მხრიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ მუქარაზე აქვს ინფორმაცია. მისივე განცხადებით, მუქარა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა იყოს.
რაც შეეხება “ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, მისი თქმით, გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მსხვერპლს ადანაშაულებს.