პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრს და დეპუტატ სავალან მირზოევს „ლელოს“აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
კახიანი აცხადებს, რომ გუშინ, მოქალაქე რაშიდ მუსაევმა, რომელიც „ლელოს“ აქტივისტია, პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ამას ოპოზიციის ქმედებებიც ადასტურებს და არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიტუაციის რადიკალიზაცია.
მისი ვარაუდით, მუქარა სავარაუდოდ უკავშირდება მირზოების პარტიულ კუთვნილებას და აქედან გამომდინარე ვიდეო, რომელიც გავრცელდა ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია, რომელიც სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
გიორგი კახიანის ინფორმაციით, გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა თავად მირზოევმა და ახლა გამოძიების რეაგირებას ელოდებიან.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. გუშინ მოქალაქე რაშად მუსაევის მიერ, რომელიც არის პოლიტიკური პარტია „ლელოს” აქტივისტი, პირად გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.
ეს პირი, როგორც უკვე აღვნიშნე არის პარტია ,,ლელოს“ აქტივისტი და აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტთაც დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.
როგორც ჩანს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო იმდენად სასოწარკვეთილები და გამწარებულები არიან, რომ სამწუხაროდ, მსგავს სიბინძურეებს, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც კი კადრულობენ.
ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას და საარჩევნო პროცესის ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას, თუმცა როგორც ჩვენი პარტიის თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე ჩაიაროს. ფაქტია, “ქართული ოცნება” არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს, რასაც ოპოზიციის ქმედებებიც ადასტურებს, რომლებსაც სხვა არაფერი დარჩენით, თუ არა სიტუაციის რადიკალიზაცია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან, ყველა პროვოკაციისა და კანონდარღვევის შესახებ შესაბამისი უწყებების ინფორმირება დროულად მოვახდინოთ და არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დროული, ეფექტური იქნება და დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.