მარნეულის ყოფილი მერის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში განახლდა

415

დღეს, 8 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვისა და კიდევ ორი პირის სისხლისამართლებრივი საქმის პირველი სააპელაციო სხდომა გაიმართა.

აქმეში დაზარალებულად ცნობილი ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატის, ეკატერინე მიდოდაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის გამოც სხდომა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

„პროკურორს დროის უკმარისობის გამო მცირე დრო ჰქონდა, რომ თავისი შესავალი სიტყვა ეთქვა. პროკურორმა განმარტა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი, რადგან მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილი იყო პროკურატურის მიერ. მოხდა იმ მოწმეების ჩვენებების გათვალისწინება, რომლებმაც გამოძიების დროს აბაზოვის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ხოლო სასამართლოში პირიქით, დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის წინააღმდეგ. ძირითადი აქცენტები ამ საკითხზე იყო,“ – განაცხადა ეკატერინე მიდოდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 2018 წელს მომხდარ ფაქტზე, რომლის მიხედვით, თემურ აბაზოვი მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს, ბოდიშის მოხდასა და სახეზე შარდის წასმას აიძულებდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მარნეულში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც თბილისში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს. გამოძიება თემურ აბაზოვს ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა.

თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.