გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას არჩევნებამდე გაივლიან

997

იმ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები, რომლებიც პარლამენტის დადგენილებით გაუქმდა, გასაუბრებას გაივლიან. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა, გასაუბრებას სპეციალურად შექმნილი კომისია ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ იმუშავებს ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში და ვინ – არა.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

როგორც დადგენილებაში წერია, ამ წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან და 2017 წელს შექმნილი  მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში მათი მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

შესაფასებელი მოხელე უფლებამოსილია, გაეცნოს მის მიმართ შედგენილ უშუალო ხელმძღვანელის
დახასიათებას, ხოლო უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის
პირის დახასიათებას და, სურვილის შემთხვევაში, გასაუბრებამდე წერილობით წარუდგინოს კომისიას
თვითშეფასება.

შესაფასებელი მოხელე ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

შესაფასებელმა მოხელემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას, – წერია დადგენილებაში.

შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საუკეთესო შეფასება –  შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ)  კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ოქმი უნდა შეიცავდეს თითოეული კანდიდატის შეფასების შესახებ კომისიის წევრთა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

როგორც დადგენილებიდან ირკვევა, კომისია შეფასების შედეგებს გამგებელს/მერს/საკრებულოს თავმჯდომარესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს შეფასების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ხოლო შეფასების შედეგებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგენს ბიუროს.

დადგენლიებაში, ასევე, წერია, რომ 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეები კონკურსის წესით არიან დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 7 თვითმმართველი ქალაქი – თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური გააუქმა და სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთა. შესაბამისი დადგენილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს ამოქმედდა. პარალელურად, შესაბამისი ცვლილებები შევიდა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც”.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდნენ. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

ხელისუფლების ინიციატივას არ იზიარებდნენ, ასევე, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ ვეტო დაძლია.

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გასაუქმებელი ქალაქების წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა, სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.