შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ – ვლადიმერ ბორცვაძემ მარნეულში და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ბორვაძემ მედიის კითხვებს 29 სექტემბერს, მარნეულში, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მყისიერი იქნება.
“როგორც თქვენთვის ცნობილია ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებულია, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები კვლავ ინტენსიურ რეჟიმში და დაველოდოთ. მას შემდგომ რაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა და ჩვენ შევქმნით სათანადო სტანდარტს სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით იქნება მყისიერი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შეგხსენებთ, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისე უმოწყალოდ ცემდნენ ერთი სული ქონდა იქიდან გაესწრო. მისივე განცხადებით, მინიმუმ 5-6 კაცი ცემდა, საიდანაც ორი პირის ამოცნობა შეუძლია. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა.
დაპირისპირების ორგანიზებაში “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.